English / ქართული / русский /
მალხაზ ძაძუა
მიკროფინანსები და მწვანე დაფინანსება

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია თანამედროვე მიკროსაფინანსო ინდუსტრიაში მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა, მიკროფინანსების როლი და გავლენა კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში და მისი პოტენციური შესაძლებლობები მცირე ლოკალური ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებაში. გაანალიზებულია საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება.

საკვანძო სიტყვები : მიკროფინანსები, სოციალური პასუხისმგებლობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება, მწვანე დაფინანსება.

შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება კერძო კომპანიების მიერ თავიანთი ბიზნესსაქმიანობის წარმართვისას გარემოსდაცვითი და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხების სათანადო დონეზე გათვალისწინება.

2015 წელს პარიზის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ამ თემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, როგორც მდგრადი განვითარების მისაღწევად საჭირო ერთ-ერთმა აუცილებელმა კომპონენტმა.

ადგილობრივი ეკონომიკების გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად დღევანდელ მსოფლიოში აუცილებელი ხდება ფინანსური ინსტიტუტების მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ეფექტური ინტეგრირება თავიანთ ძირითად ბიზნესსტრატეგიებში. მნიშვნელოვანია ასევე გარემოსთან დაკავშირებული გლობალური თუ ადგილობრივი რისკ-ფაქტორების სათანადო გათვალისწინება და გამჭვირვალე ანგარიშგების წარდგენა საზოგადოების წინაშე.

აღნიშნული საკითხი ერთნაირად აქტუალურია როგორც მაღალგანვითარებული, ასევე განვითარებადი და ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, სადაც კლასიკური საბანკო სექტორის პარალელურად საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი მიკროსაფინანსო და სხვა ტიპის მცირე არასაბანკო ფინანსური დაწესებულებები. 

მიკრო ფინანსები და მწვანე დაფინანსება

მიკროფინანსები წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მიწოდებას დაბალი შემოსავლების მქონე პირებისთვის. კლასიკური განმარტებით, ის ხელს უწყობს ღარიბი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ფინანსური თვითუზრუნველყოფის მიღწევას, შემოსავლების გენერირებისა და ბიზნესაქტივების ზრდას და ცხოვრების საერთო სტანდარტების ამაღლებას.

მიკროფინანსების მომხმარებელთა უმეტესობა მცირე საოჯახო მეურნეობებსა და არაფორმალურ ბიზნესში დასაქმებული ფიზიკური პირებია, რომლებიც თავის კერძო საქმიანობას უმთავრესად ლიმიტირებულ გეოგრაფიულ არეალებსა და ეკონომიკის შეზღუდულ სექტორებში აწარმოებენ[1].

კლასიკურ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გააჩნია ე.წ. ორმაგი ეფექტი და მიზნობრიობა. ეს გულისხმობს, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან როგორც ფინანსური, ასევე სოციალური ამოცანების გადაწყვეტაზე (Double bottom line)[2]. მოგვიანებით ამას დაემატა მესამე მიმართულებაც, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობის აღებას გარემოს დაცვაზე (Triple bottom line).

შესაბამისად, თანამედროვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საერთო შეფასებისას ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად აქტიურად განიხილება მათი საქმიანობის სოციალური ეფექტი და ზემოქმედება გარემოზე.

ფართო ფენებისთვის ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს სიღარიბის დონის საერთო შემცირებას და საშუალებას აძლევს დაბალშემოსავლიან მომხმარებელს, გაზარდოს შემოსავლები, შექმნას ღირებული აქტივები და შეამციროს დამოკიდებულების ხარისხი გარე ეკონომიკური სტრესების მიმართ. აქედან გამომდინარე, მიკროფინანსები წარმოადგენს მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტს საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად მათთვის, ვინც იმყოფება სიღარიბის პირამიდის ფსკერზე (the base of the pyramid) [3].

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორ მილიარდზე მეტ ღარიბ და დაბალშემოსავლიან ადამიანს განვითარებადი ქვეყნებიდან არა აქვს სათანადო წვდომა ადეკვატურ ფინანსურ მომსახურებაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების არასტაბილური დინამიკის დასარეგულირებლად და გასაუმჯობესებლად [4].

ფინანსურ მომსახურებაზე სათანადო ხელმისაწვდომობა საშუალებას აძლევს ღარიბ ოჯახებს, ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმიდან გადაერთონ სამომავლო გეგმების დასახვაზე, კვებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ბავშვთა ჯანმრთელობასა და განათლებაში სათანადო ინვესტირებაზე და ა.შ.

ვინაიდან მდგრადი მიკროფინანსები დიდ როლს თამაშობს განვითარებად ქვეყნებში ჯანსაღი ფინანსური ბაზრების განვითარებაში, მსოფლიო ბანკისა და მასთან არსებული “ღარიბთა დახმარების საკონსულტაციო ჯგუფის” (CGAP) მიერ 2004 წელს შემუშავდა და დამტკიცდა საერთაშორისო მიკროფინანსების ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელსაც მოგვიანებით თავისი მტკიცე მხარდაჭერა ასევე დაუდასტურა დიდმა რვიანმა (G8) აშშ-ს შტატ ჯორჯიაში 2004 წლის ივნისში გამართულ სამიტზე [5].

მიკროფინანსების 11 ძირითადი საერთაშორისო პრინციპი, რომელთა სათანადო გათვალისწინება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მაღალი ფინანსური ჩართულობისა და პოზიტიური სოციალური ეფექტის მიღწევას განვითარებად ქვეყნებში, მდგომარეობს შემდეგში:

  1. ღარიბ მოსახლეობას ესაჭიროება მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება და არა მხოლოდ სესხები.
  2. მიკროფინანსები უნდა იყოს სიღარიბის დაძლევის მძლავრი ინსტრუმენტი.
  3. მიკროფინანსები გულისხმობს ხელსაყრელი ფინანსური სისტემის შექმნას ღარიბი მოსახლეობისთვის.
  4. ფინანსური მდგრადობა აუცილებელი პირობაა ღარიბი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოცვისთვის.
  5. მიკროფინანსები გულისხმობს ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მუდმივ განვითარებას და გაძლიერებას.
  6. მიკროკრედიტები ყოველთვის არ არის სათანადო პასუხი და გამოსავალი.
  7. საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვარის დაწესებამ შესაძლოა შეზღუდოს ღარიბი მოსახლეობისთვის ფინანსური მომსახურების სათანადო ხელმისაწვდომობა.
  8. მთავრობამ უნდა შეასრულოს უფრო მხარდაჭერის და არა მომსახურების პირდაპირი მიმწოდებლის როლი.
  9. დონორთა სუბსიდიებმა უნდა შეავსოს და არა ჩაანაცვლოს კერძო სექტორის კაპიტალი.

10. მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სუსტი ინსტიტუციური და ადამიანური რესურსები და შესაძლებლობები.

11. აუცილებელია ფინანსური მომსახურებისა და საკრედიტო ურთიერთობების მაღალი გამჭვირვალეობა.

მიკროფინანსებმა, როგორც ფინანსური შუამავლობის ერთ-ერთმა სახეობამ, მის თანამედროვე მოდელამდე საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო განვითარების გზა განვლო. მისი პირველადი ორგანიზებული ფორმები სხვადასხვა სახით და მასშტაბით საუკუნეების განმავლობაში არსებობდა მსოფლიოს ბევრ კუთხეში, როგორც კერძო მევახშეობის ეფექტური და საიმედო ალტერნატივა.

არაფორმალური ფინანსური ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებულად ახდენდნენ მცირე დანაზოგების შეგროვებას და შემდგომ ჯგუფის სხვა წევრებზე გასესხებას, უძველესი დროიდან ფიქსირდება აფრიკის, ლათინური ამერიკის, ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში (ROSCAs, ASCAs, Self-Help Groups) [6].

XIX საუკუნის დასაწყისში უკვე დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ჩნდება ახალი ტიპის ფორმალური საკრედიტო-სადეპოზიტო ინსტიტუტები, რომლებიც ფოკუსირდებიან სასოფლო კლიენტებზე და დაბალშემოსავლიან ფიზიკურ პირებზე (Raiffeisen, Volksbanken, Sparkassen). ფინანსური და აგროკოოპერატივების სწრაფმა განვითარებამ საშუალება მისცა დაბალშემოსავლიან და მცირემიწიან ფერმერებს, შეემცირებინათ კერძო მევახშეების მიმართ კაბალური დამოკიდებულების ხარისხი და გაეუმჯობესებინათ საერთო ეკონომიური მდგომარეობა.

ე.წ. თანამედროვე მიკროფინანსების ისტორია კი იწყება 1970-იანი წლებიდან, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში თითქმის ერთდროულად დაიწყო კლასიკური საბანკო მომსახურებისგან განსხვავებული, ექსპერიმენტული და სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ფინანსური პროგრამების განხორციელება სიღარიბის შემცირების მიზნით.

1976 წელს ბანგლადეშში პროფესორ მოჰამედ იუნუსის მიერ შექმნილი ჯგუფური სოლიდარობის პროგრამა და მის საფუძველზე 1983 წელს დაარსებული “გრამინ ბანკი” ითვლება პირველ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად მსოფლიოში. ბანკში სესხები გაიცემოდა გირაოს გარეშე, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე, რომლებიც სოლიდარულ პასუხისმგებლობას იღებდნენ ერთმანეთის საკრედიტო ვალდებულებებზე.

“ეს არ არის ქველმოქმედება. ეს არის ბიზნესი. ბიზნესი სოციალური მიზნით, რომელიც ხელი უწყოს სიღარიბის დაძლევას” - ასე განმარტა მიკროფინანსები პროფესორმა იუნუსმა 2005 წელს ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე.

სესხის საგარანტიოდ სოციალური გირაოს (ჯგუფური სოლიდარობის) გამოყენებამ, მსესხებელთა შერჩევის ეფექტურმა მექანიზმებმა და მარტივმა სასესხო პროცედურებმა წარმატებით ჩაანაცვლა ბანკების მკაცრი და კონსერვატიული დაკრედიტების მოდელი, რამაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშუალება მისცა სწრაფად გაზრდილიყვნენ და მოეცვათ დაბალშემოსავლიანი მსესხებლების ის სეგმენტი, რომელსაც მაღალი რისკების გამო ბანკები ტრადიციულად უარს ეუბნებოდნენ დაფინანსებაზე.

შთამბეჭდავი შედეგებისა და საყოველთაო მხარდაჭერის ფონზე გაერომ 2005 წელი გამოაცხადა მიკროფინანსების საერთაშორისო წლად, ხოლო მომდევნო 2006 წელს “გრამინ ბანკის” დამაარსებელს, პროფესორ მოჰამედ იუნუსს მიენიჭა ნობელის პრემია სიღარიბესთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

2000-იანი წლებიდან კი ბაზარზე მასობრივად ჩნდება ახალი თაობის წმინდა კომერციული, უმეტესად სამომხმარებლო საჭიროებებზე ორიენტირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ხდება ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა ინდუსტრიაში და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების აქტიური ექსპანსია. მათი უმთავრესი მოტივაცია მოგების მაქსიმიზაცია და კერძო მესაკუთრეების მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილებაა, რის გამოც საგრძნობლად შესუსტდა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება და დაკნინდა მიკროფინანსების თავდაპირველი, ფუნდამენტური ღირებულებები.

საინტერესოა, რა გავლენას ახდენს მიკროფინანსები მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე და რამდენად ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს ის გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში.

გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფართო დისკუსიისა და საყოველთაო ყურადღების საგანი ხდება საერთაშორისო დონეზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მთელ რიგ ქვეყნებში სწრაფი ტემპებით მზარდმა ეკონომიკებმა, ინდუსტრიალიზაციამ, გლობალიზაციამ და ტექნოლოგიების აქამდე არნახულმა განვითარებამ საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნა ენერგიასა და ბუნებრივ რესურსებზე.

შეიქმნა მთელი რიგი ახალი დარგები და ინდუსტრიები, რომელთა მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სულ უფრო მეტი ენერგიისა და წიაღისეული რესურსების (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი) მოპოვება, დამუშავება და მიწოდება გახდა საჭირო.

გაზრდილი ენერგიის მოხმარება კი, თავის მხრივ, საგრძნობლად აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს და მასთან დაკავშირებულ უარყოფით გავლენებს გარემოზე. მაგალითად, საწვავის წვის დროს იზრდება სათბურის აირების კონცენტრაცია ატმოსფეროში და უხვად გამოიყოფა სხვადასხვა მავნე ნივთიერებები (ნახშირორჟანგი, მეთანი და სხვა), რომლებიც ქმნიან ე.წ. “სათბურის ეფექტს” და ხელ უწყობენ დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდას.

სათბურის აირების მატების ტენდენცია ასევე განპირობებულია ტყეების განადგურებითა და მწვანე საფრის შემცირებით, ნარჩენების არაეფექტური მართვით, ნაგავსაყრელების არასწორი ექსპლუატაციით, მოძველებული საწარმოო ხაზებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სიმრავლით, მოსახლეობის რაოდენობის უკონტროლო ზრდით (განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში) და ა.შ.

დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება თანდათანობით იწვევს გაუდაბნოების პროცესის დაჩქარებას, ზღვის დონის აწევას და მთელი რიგი ადგილების (მათ შორის საცხოვრებელი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ა.შ.) დატბორვას. შტორმების, გვალვებისა და სხვადასხვა სტიქიური მოვლენების მომრავლებას, ბიომრავალფეროვნების შემცირებას და ა.შ. კაცობრიობა შეიძლება დადგეს საკმარისი ოდენობით საკვები პროდუქტისა და სასმელი წყლის რესურსების დეფიციტის წინაშე.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები განსაკუთრებით მძიმედ აისახება განვითარებად და ღარიბ ქვეყნებზე, სადაც ეკონომიკის წამყვან დარგს ხშირად ტრადიციული სოფლის მეურნეობა წარმოადგენს და მოსახლეობის დიდი ნაწილიც სწორედ აქ არის დასაქმებული. კლიმატის ცვლილება კი უპირველესად სწორედ სოფლის მეურნეობაზე აისახება უარყოფითად: ეროზიული პროცესების დაჩქარება და ნიადაგის გამოფიტვა, მოსავლიანობისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემცირება, გაზრდილი მიგრაცია, სამუშაო ადგილების შემცირება, სიღარიბის დონის კიდევ უფრო მატება და ა.შ.

ცნობილი ფაქტია, რომ ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თავდაცვისა და ადაპტაციის ნაკლები შესაძლებლობები გააჩნია. მათი უმეტესობა ვერ ახერხებს საკუთარი ძალებით საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებას და მაღალტექნოლოგიური, გრძელვადიანი ენერგოეფექტური პროექტებისა და დარგების სათანადო წახალისებას. ასევე საკმაოდ მწვავედ დგას ამ სფეროში საზოგადოების განათლების სასურველი დონის მიღწევის, სათანადო კვალიფიციური რესურსების მოზიდვისა და ინტელექტუალური კაპიტალის მობილიზების პრობლემები.

აქედან გამომდინარე, მიკროფინანსებს, რომელსაც განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში წლების მანძილზე დაუგროვდა სიცოცხლისუნარიანი ფინანსური პროგრამებისა და პოზიტიური სოციალურ-ეკონომიური ეფექტის საკმაოდ დიდი გამოცდილება, სახელმწიფოსთან პარტნიორობის სწორი მოდელის შემთხვევაში თამამად შეუძლია დადებითი როლის შესრულება კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენის შემცირებისა და მწვანე ეკონომიკის წახალისების საკითხებში.

დღესდღეობით არ არის ზუსტად განსაზღვრული “მწვანე” და “კლიმატის” დაფინანსების (Green Finance, Climate Finance) საერთაშორისოდ აღიარებული განმარტება. ზოგადი კონსენსუსის მიხედვით, ის მოიცავს ორ ძირითადად გარემოსდაცვით კომპონენტს და სტრატეგიას: კლიმატის ცვლილების შემარბილებელ (Mitigation) და ადაპტაციის (Adaptation) ღონისძიებებს. მწვანე დაფინანსება შეეხება როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი, ასევე საჯარო და კერძო ფინანსების მობილიზებას ამ სტრატეგიების მხარდასაჭერად.

1) შემარბილებელი სტრატეგია გულისხმობს იმ ღონისძიებების დაფინანსებას, რომლებიც ხელს უწყობს სასათბურე გაზების ემისიის შემცირებას და ამ გზით ანელებს კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენას გარემოზე. ეს შეიძლება განხორციელდეს განახლებადი ენერგიის წარმოებით, ენერგოდამზოგავი და ენერგო-ეფექტური პროექტების დანერგვით და ა.შ.

განსაკუთრებით საყურდღებოა უკვე მოპოვებული ენერგიის ეფექტურად გამოყენების ღონისძიებები. ენერგოეფექტურობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს პროდუქციის წარმოებისა და მოხმარებისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობის შემცირებას, რომელიც ძირითადად ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვითა და სწორი სამომხმარებლო ჩვევების ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი.

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) მიღებულ იქნა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გაეროს ჩარჩო _ კონვენცია, რასაც მოგვიანებით მოჰყვა კიოტოს პროტოკოლი (კიოტო, იაპონია. 1997) სათბურის გაზების ემისიის შემცირების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ დონეზე ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის შემცირებას უსაფრთხო მაჩვენებლამდე.

2) ადაპტაციის სტრატეგიის დროს კი დაფინანსება მიემართება ისეთი ღონისძიებების მხარდასაჭერად, რომლებიც აძლიერებს კლიმატის ცვლილების მიმართ გარემოს მდგრადობას, ამცირებს მისი მავნე გავლენის ზემოქმედებას და ზრდის მასთან ადაპტაციის შესაძლებლობებს. 

კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის მაგალითებია საირიგაციო სისტემების ეფექტურობის გაზრდა, სასოფლო-სამეურნეო პროცესების ოპტიმიზაცია, ახალი (ცვლილებების მიმართ უფრო გამძლე) სასოფლო კულტურების შერჩევა და გამოყვანა, მწვანე საფრის ფართობების ზრდა, წყლის დანაკარგების შემცირება, ინფრასტრუქტურის გონივრული დაგეგმარება და ა.შ.

დიდი ოცეულის (G20) ქვეყნები ტერმინს “მწვანე დაფინანსება” იყენებენ, როგორც საერთო ქოლგა-განმარტებას იმ ფინანსური ნაკადების აღსანიშნავად, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების ან გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართ და გარემოსდაცვითი პროექტების მხარდასაჭერად.

მწვანე ეფექტის მოსახდენად მნიშვნელოვანია, რომ პროცესის ყველა მსხვილი მონაწილე (სახელმწიფო, კერძო ინვესტორი, ბანკი, სადაზღვეო კომპანია და ა.შ.), ახალი ინვესტიციის დროს სხვა გარე და შიდა ფაქტორებთან ერთად, სათანადოდ აფასებდეს კლიმატის რისკებს და თავისი ბიზნესგადაწყვეტილებით მინიმუმ არ აზიანებდეს გარემოს [7].

კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო _ კონვენცია (United Nations Framework Convention on Climate Change) ხაზს უსვამს მწვანე და კლიმატის დაფინანსების მნიშვნელობას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე და ავალდებულებს განვითარებული ქვეყნების მთავრობებს, ყოველწლიურად გამოყონ სათანადო ფინანსური რესურსები განვითარებადი და ღარიბი ქვეყნებისთვის, რათა ამ უკანასკნლებმა მოახერხონ ჩარჩო _ კონვენციის მიხედვით განსაზღვრული გლობალური გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელება [8].

კონვენციის ფარგლებში კოპენჰაგენსა (COP15) და პარიზში (COP21) გამართულ კონფერენციებზე განისაზღვრა, რომ ეს თანხა უნდა იყოს არანაკლებ 100 მილიარდი დოლარისა ყოველწლიურად.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (The World Economic Forum) მიერ გაკეთებული ანალიზის შედეგად კი სასურველი გარემოს მისაღწევად დაახლოებით 5,7 ტრილიონი დოლარის ინვესტირებაა საჭირო ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით მწვანე ეკონომიკებში, საიდანაც 5 ტრილიონის დაფინანსება უნდა იყოს მიმართული უშუალოდ მწვანე ინფრასტრუქტურასა და ბიზნესპროექტებზე, ხოლო დარჩენილი 700 მილიარდი კი ამ პროექტების ეფექტურად სამართავად [9].

განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში მწვანე პროექტების მხარდასაჭერად შექმნილია მრავალი სპეციალიზებული ფინანსური ინსტიტუტი, რომლებიც მწვანე ინვესტირებას და ენერგოეფექტური პროექტების მხარდაჭერას ახორციელებენ განვითარებად ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოში.

ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ევროპული “მწვანე ზრდის ფონდი” (GGF, Green for Growth Fund), რომელიც ენერგიის მოხმარებისა და სასათბურე აირების ემისიის შემცირების მიზნით მსოფლიოს 20-მდე განვითარებად ეკონომიკაში ახორციელებს მწვანე დაფინანსების პროექტებს (აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ჩრდილო აფრიკისა და აზიის ქვეყნები).

აღნიშნული ფონდი დაარსდა ლუქსემბურგში 2009 წელს გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს სხვა წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა ავსტრიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ჰოლანდიის განვითარების ბანკი და ა.შ.

აღსანიშნავია რომ “მწვანე ზრდის ფონდი” აქტიურად აფინანსებს სწორედ მიკროსაფინანსო სეგმენტზე მოქმედ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, მწვანე დაფინანსებას მცირე საწარმოებსა და შინამეურნეობებს აძლევენ. ამასთან ერთად, ფონდი პირდაპირ ინვესტიციებს დებს განახლებადი ენერგიის წარმოებაში, ასევე ადგილობრივი მიკროსაფინანსო პარტნიორებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევისა და მწვანე ეკონომიკის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

ფონდმა საქართველოში 2018 წელს განახორციელა პირველი მწვანე დაფინანსების პროექტი არასაბანკო მიკროსაფინანსო სფეროში, რომლის საშუალებითაც საწყის ეტაპზე განხორციელდა 1,5 მილიონი დოლარის მწვანე მიკროკრედიტების გაცემა სასოფლო დასახლებებსა და მცირე ფერმერებზე, რათა დაეხმაროს მათ ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების პრაქტიკულ დანერგვაში.

ფონდის ვარაუდით, მხოლოდ ამ მცირე საპილოტე მწვანე პროექტის შედეგად ნავარაუდევია წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტი ენერგიის დაზოგვა და ნახშირორჟანგის ემისიის დაახლოებით 910 მეტრული ტონით შემცირება საქართველოში [10].

ზოგადად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მწვანე დაფინანსების ფარგლებში მომხმარებლისთვის შეთავაზებული სპეციალური სასესხო პაკეტი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიზნობრიობებს:

-  ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა განვადებით (სარეცხი მანქანა, მაცივარი, კონდიციონერი და ა.).

-  ეკო-მეგობრული სამშენებლო მასალების გამოყენება (კედლებისა და სახურავის თბოიზოლაცია, მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები).

-  განახლებადი ენერგოტექნოლოგიები (მცირე მზის პანელების დამონტაჟება სახლებში, წყლის გამაცხელებლები).

-  ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების შეძენა განვადებით, მათ შორის პირადი და ბიზნეს (ტაქსის სერვისი) საჭიროებისთვის.

-  გათბობის თანამედროვე ეკო-მეგობრული საშუალებების გამოყენება (ენერგოეფექტური ღუმელები, ბრიკეტები, ცენტრალური გათბობის სისტემაზე გადასვლა).

-  წვეთოვანი სარწყავი სისტემების გამართვა მცირე ფერმერულ მეურნეობებში და ა.შ.

მსგავსი ტიპის მწვანე დაფინანსებაზე სათანადო წვდომა მნიშვნელოვანია დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რადგანაც ამით ხდება არა მხოლოდ მათი შედარებით სუფთა ენერგიით უზრუნველყოფა და სოციალური დაცულობის ამაღლება, არამედ ხშირად ეს დაკავშირებულია ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენასთანაც კი.

თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც არანაკლებ სასარგებლოა მწვანე დაფინანსების ზრდა, ვინაიდან ის ხელს უწყობს როგორც აქტივების მატებას და ბრენდის რეპუტაციის გაუმჯობესებას, ასევე საგრძნობლად ამცირებს ბიზნეს საკრედიტო რისკებს.

როგორც ვიცით, მიკროფინანსების მომხმარებელთა უმეტესობა სოფლად მცხოვრები დაბალშემოსავლიანი მოსახლეობაა, რომლის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია მცირე საოჯახო-ფერმერულ მეურნეობებში და ჩართულია ყოველდღიური საარსებო საშუალებების მოპოვების რეჟიმში.

მომხმარებელთა ეს სეგმენტი კი ხასიათდება დაუცველობის მაღალი ხარისხით გარე შოკებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ (სტიქიური მოვლენები, ნიადაგის ეროზია-გამოფიტვა, გაუდაბნოება და ა.შ.), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოსავლიანობისა და პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირება სოფლად და იქ დასაქმებულთა მდგომარეობის, მათ შორის კრედიტუნარიანობის გაუარესება.

მიკროსაფინანსო სეგმენტზე მწვანე დაფინანსების პორტფელისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი მომენტები:

-  ტრადიციულად მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიკროსესხებზე: საშუალოდ ის 2-ჯერ უფრო ძვირია საბანკო პროდუქტებზე.

-  სესხის მოკლე ვადიანობა: ტრადიციული მიკროსაფინანსო სესხები გაიცემა 1-2 წლის ვადით, რაც ენერგოეფექტური პროექტებისთვის არ არის საკმარისი მომგებიანობაზე გასასვლელად.

-  არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება ბაზარზე: კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემები შედარებით ახალია ამ სექტორისთვის (როგორც მომხმარებლებს, ასევე მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს შორის).

-  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საგრანტო პროგრამებისა და სახელმწიფო სუბსიდიების არაეფექტური კოორდინაცია და არასწორი აღქმა მოსახლეობის მხრიდან (რამაც შეიძლება დააზიანოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები და მოტივაცია).

შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების სათანადო გათვალისწინება თავიანთ საქმიანობაში.

სწორი სტრატეგიული მიდგომების, ინოვაციური ბიზნესმოდელისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანეგვის შემთხვევაში კი ეს საფრთხეები შეიძლება არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შემცირდეს, არამედ მოხდეს მისი ეფექტური ტრანსფორმაცია და ახალ, მიმზიდველ და მომგებიან ბიზნეს შესაძლებლობებად გარდაქმნა. 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მწვანე დაფინანსების წახალისებით მიკროფინანსებს შეუძლია საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი როლის შესრულება განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით.

მიუხედავად საბანკო სფეროსთან შედარებით მცირე მასშტაბებისა, მიკროფინანსებს მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი მწვანე პროექტების განხორციელების საკმარისი შესაძლებლობები და მოტივაცია აქვს განვითარებად ბაზრებზე, განსაკუთრებით კი სასოფლო დასახლებებში.

გრძელვადიანი პოზიტიური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური კოორდინაცია და თანამშრომლობის სწორი ფორმების შერჩევა

დაფინანსების კომპონენტის გარდა, მწვანე ეკონომიკის მიმართულების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური და ეკონომიური სარგებლის შესახებ მარტივი და სწორი ინფორმაციის მიწოდება, სასარგებლო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება, მწვანე იდეის მეტი პოპულარიზაცია სახელმწიფო დონეზე და ა.შ. 

გამოყენებული             ლიტერატურა

  1. Basel Committee on Banking Supervision. Microfinance activities and the core principles for effective banking supervision. Basel, Switzerland. August, 2010
  2. Green for Growth Fund. www.ggf.lu
  3. Heinrich Böll Stiftung. Green Finance and Climate Finance. Berlin. Nov 2016
  4. Helms, Brigit. Access for All. The World Bank/International Bank for Reconstruction & Development. 2006
  5. International Financial Corporation. FIG Microfinance Factsheet. www.ifc.org 
  6. Tulchin, Drew. Microfinance & the Double Bottom Line. Social Enterprise Associates. Seattle, WA. 2005
  7. The World Bank, CGAP. Key Principles of Microfinance. Washington D.C. 2004
  8. United Nations Framework Convention on Climate Change. www.unfccc.int

World Resources Institute. http://www.wri.org/our-work/project/climate-finance/climate-finance-and-private-sector



[1] Basel Committee on Banking Supervision. Microfinance activities and the core principles for effective banking supervision. Basel, Switzerland. August, 2010.

[2] Tulchin, Drew. Microfinance & the Double Bottom Line. Social Enterprise Associates. Seattle, WA. 2005

[3] International Financial Corporation. FIG Microfinance Factsheet. www.ifc.org 

[4] Helms, Brigit. Access for All. The World Bank/International Bank for Reconstruction & Development. 2006

[5] The World Bank, CGAP. Key Principles of Microfinance. Washington D.C. 2004

[6] Helms, Brigit. Access for All. The World Bank/International Bank for Reconstruction & Development. 2006

[7] Heinrich Böll Stiftung. Green Finance and Climate Finance. Berlin. Nov 2016

[10]  Green for Growth Fund.  www.ggf.lu